Thursday, June 10, 2010

Tuesday, June 8, 2010

რუსეთ საქართველოს ურთიერთობები
ქართულ–რუსული ურთიერთობები მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ერთ მთლიანობაში, არასოდეს არ ყოფილა ჰარმონიული და შარავანდმოსილი. ამის მიზეზების სრული ჩამოთვლა ძალიან შრომატევადი საქმეა.მათ შესახებ მრავალგზის თქმულა, დაწერილა და საჯაროდ გაცხადებულა სხვადასხვა რანგის შეხვედრებსა თუ ფორუმებზე: ისტორიკოსების, პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა თუ სხვათა მიერ . . . თუმცა რაიმე პოზიტიური ძვრები ბოლო ათწლეულებში ამ მიმართებით, სუბიექტურ თუ სხვა მიზეზთა გამო სამწუხაროდ არ შეინიშნება. "ექსპერტთა კლუბის" წევრთა ყურადღება ამ საკითხისადმი განაპირობა წლების განმავლობაში დაგროვილმა, მოუგვარებელმა პრობლემებმა, არსებულმა დაძაბულობამ, გათიშულობამ და ურთერთდაპირისპირებულობამ რუსეთსა და საქართველოს შორის, რასაც აუნაზღაურებელი ზიანი მოაქვს არამარტო ჩვენი ქვეყნებისათვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისა და მსოფლიოსათვის. ჩვენ შევეცადეთ მოგვეძია, შეგვესწავლა და სისტემაში მოგვეყვანა არსებული ვითარების მიზეზთა ამსახველი მასალების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ჩვენის ღრმა რწმენით, პრობლემით დაინტერესებულ პირებს დახმარებას გაუწევენ უკეთესათ გაერკვიონ შექმნილ ვითარებაში და სურვილის შემთხვევაში, თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ ურთიერთობების მოწესრიგებაში.

ერთ დროს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უძლიერესი საქართველო ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოთა რიგებს მიეკუთვნებოდა. მაგრამ საუკუნეების მანძილზე ქვეყნის სასიცოცხლო ენერგია, გარეშე მტრებთან გამუდმებულ ბრძოლებში, თანდათან დაილია, რასაც საბოლოოდ მისი სახელმწიფოებრიობის გაუქმება და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის გრძნობის დაქვეითებაც მოჰყვა. ქართველ კაცს მოესპო საშუალება თავისი ეროვნული პრობლემები თავადვე გადაეწყვიტა. მის მაგიერ ეს საქმე უკვე სხვამ ითავადა, როგორც მოსალოდნელი იყო, იმ სხვამაც თავისი სამრეკლოდან დაიწყო ზარების რეკვა... თუ ცნობილ ქართველ პუბლიცისტს და საზოგადო მოღვაწეს იაკობ გოგებაშვილს დავესესხებით შექმნილი ვითარების შეფასებაში, “...საუბედუროდ, ის, რაც ჩვენმა ერმა XVIII საუკუნის დამლევს სასურველ ნავსადგურად მიიჩნია, დახავსებული ჭაობი აღმოჩნდა, რომელშიაც ლამის ჩაიხრჩო.” ეროვნულ დაძაბუნებას, ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვაც მოჰყვა... ,,

ქართულმა სულმა, თავისი თვითმყოფადობადობისა და დამოუკიდებლობისათვის მრავალსაუკუნოვან უთანასწორო ბრძოლებში გამობრძმედილმა მაინც გაუძლო ჟამთა განსაცდელს. XX საუკუნის მიწურულს ქართველმა ხალხმა ისევ შეძლო თავისი სახელმწიფოებრიობის, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა და ამით თავადვე ითავა თავისი ეროვნული ორგანიზმის მოვლა_პატრონობა... უმჯობესია თვალი გავადევნოთ იმ ბედუკუღმართობითა და ისტორიული ქარტეხილებით აღსავსე გზას, რომელიც ქართველმა ერმა დიდი ტანჯვა-წამების ფასად გამოიარა.

იმ დროს (XIX საუკუნის I ნახევარი), როდესაც ქართული სამეფო სამთავროები სამი მხრივ იქნევდნენ ხმალს და დიპლომატიურ სვლებს აკეთებდნენ, რათა თავი გადაერჩინათ გარშემორტყმული მტრის შემოტევებისაგან (ირანი, ოსმალეთი, დაღესტანი), ჩრდილოეთიდან უახლოვდებოდა შედარებით ახალგაზრდა ქრისტიანული სამეფო_რუსეთი, რომელმაც იმ დროსათვის თავისი სახელმწიფოს საზღვრები კასპიის ზღვამდე და ჩრდილოეთ კავკასიამდე მიიტანა. პირველი ნაბიჯები ურთიერთისკენ რუსეთმა და კახეთის სამეფომ გადადგეს. ურთიერთმისწრაფება ერთნაირად ძლიერი იყო, ხოლო ინტერესები იმთავითვე რადიკალურად განსხვავებული.
კახელი ხელისუფალნი მთიელთა (შამხალის) მტაცებლური თავდასხმების აღკვეთაში დახმარებას და სხვა სახის ხელშეწყობას ითხოვდნენ. რუსეთის მიზანი კი კახეთის ხელში ჩაგდება და შემდეგ იმგვარივე დამოკიდებულების მთელ საქართველოზე გავრცელება იყო.

1857 წელს კახეთსა და რუსეთის ხელმწიფეს შორის გაფორმდა ე.წ “жалованная грамота” , რითაც კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შედიოდა და ალექსანდრე მეფე კისრულობდა ემსახურა რუსეთის მეფისათვის და არ ჩამოცილებოდა მას. მრავალრიცხოვან ელჩობებსა და მიმოწერაში აშკარად იკვეთებოდა, რომ რუსეთი საქართველოს თითქოს ურთიერთდახმარებას სთავაზობდა (თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდა თვითონ თავის შეწუხებას მაინცდამაინც არ აპირებდა) სანაცვლოდ კი კახეთს ყოველწლიურ ძღვენს (რომელიც, უფრო გვიან, ხარკადაც მოიხსენიება) და ყმადნაფიცობას სთხოვდა. დრო გადიოდა და რუსეთი კახეთის მიმართ არცერთ ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა (არ გამოუგზავნა დაპირებული ზარბაზნები, გადაუკეტა ევროპასთან დამოუკიდებლად ურთიერთობის გზა და ა.შ). ამასთან ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობაში დახმარების და სხვა ქართულ სამეფო სამთავროებთან რუსული ორიენტაციის პროპაგანდას ავალებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ეს ურთიერთობები ორივე მხარისათვის გარკვეულწილად ურთიერთმომგებიანი უნდა ყოფილიყო. კახეთისათვის რუსეთთან კავშირი მაჰმადიანებთან ურთიერთობაში ერთგვარი ფარის მაგივრობას ასრულებდა. ხოლო თავის მხრივ, რუსეთი იმით იყო კმაყოფილი, რომ კავკასიაში მტკიცედ ჩადგა ფეხი და სამომავლოდ თავისი მფლობელობის გაფართოების საფუძველი შეიძინა...მონღოლთა სამსაუკუნოვანი ბატონობისგან თავდახსნილ რუსულ ეთნოსს მემკვიდრეობის მსგავსად გამოჰყვა ყოველგვარი შეთანხმებისა და პირობისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მსოფლიო ბატონობისადმი დაუოკებელი მისწრაფება...საგულისხმოა ერთ-ერთი საუბარი კახთ ბატონსა და რუსთ დესპანებს შორის, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა. “... ჩვენს ხელმწიფესაცო, შეუთვალეს მათ ალექსანდრე მეფეს, თავის მხრივ, ურჯულოთა წინააღმდეგ ბრძოლა სხვა ქრისტიან სახელმწიფოებთან ერთად სწადია. მაგრამ თუ ღვთის წყალობა იქნება, თუ ჩვენი ხელმწიფის ხელქვეშ არა, მაშ ვის ხელში უნდა იყოს კონსტანტინეპოლი და იერუსალიმი? რადგან ყველა საქრისტიანო სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდი ხელმწიფე ის არის და მასზე უდიდესი არ არსებობს.”

XVIII საუკუნის დასაწყისში დიდი შეთანხმება მოხდა ქართლის მეფე ვახტანგ VI_სა და რუსეთის იმპერატორ, პეტრე პირველს შორის. მოლაპარაკების შინაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ ვახტანგი რუსეთს ამიერკავკასიასა და კასპიისპირეთში გაბატონებაში სამხედრო და იდეურ თანადგომას აღმოუჩენდა. რუსეთის იმპერატორი კი უზრუნველყოფდა ქართლის მეფის მფლობელობაში კავკასიის მთელი საქრისტიანო ნაწილის გადასვლას. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, ამ შეთანხმებიდან ქართლის მეფისათვის კარგი არაფერი გამოვიდა, სასოწარკვეთილი ვახტანგ მეფე იძულებული შეიქმნა თავისი ოჯახითა და დიდი ამალით რუსეთს გადასახლებულიყო... ხოლო რუსეთის ხელისუფლებას ამიერკავკასიაში (საქართველოში) თავისი ამბიციური პოლიტიკის გატარებაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

საქართველოსადმი რუსეთის ჭეშმარიტი მიზნები ნათლად გამოჩნდა რუსეთ_თურქეთის 1768-1774წ. წ ომში ერეკლე II-სა და სოლომონის (იმერეთის მეფე) მონაწილეობისას: რუსეთის ჯარის მეთაურს გენერალ ტოტლებენსა და ერეკლე II შორის უსიამოვნება ჩამოვარდა. ტოტლებენმა ერეკლე II ტახტიდან გადაყენება გადაწყვიტა და ეს გადაწყვეტილება ცენტრს აცნობა. საქმის გასარკვევად ნ. პანინმა საქართველოში კაპიტანი იაზიკოვი გამოგზავნა და ერეკლესადმი ორი წერილი გამოატანა: ერთი იმ შემთხვევისათვის თუ მეფე ტახტზე იჯდა, მეორე კი თუ იგი უკვე გადაყენებული იყო. ამასთან, მეორე ვარიანტს ადრესატი სრულიად ნორმალურად იღებდა. “გენერალი იძულებული იყო ასე მოგცეოდათო”. ისიც უნდა ითქვას, რომ ტოტლებენისადმი მიწერილ წერილში, ერეკლეს ტახტზე დაბრუნებაც იყო დაშვბული (თუ კი იგი გადაყენებული იქნებოდა) , მაგრამ ეს საკითხი თვით რუსეთის გენერალს უნდა გადაეწყვიტა, თურქთა წინააღმდეგ წარმოებული მოქმედების ინტერესების შესაბამისად....

აშკარა იყო, რომ რუსეთი საქართველოს ინკორპორაციისათვის ემზადებოდა და ეს დროის საკითხად მიაჩნდა, კარგად ჩანს გრაფ ნ.ი. პანინის 1770წ. 16 ივლისის ტოტლებენისადმი მიწერილ წერილში: “ საქართველოს სიშორე და მიმოსვლის სირთულე ორი გარემოებაა, რომელიც ამ მიწის მითვისებას არამყარს ხდის, შეიძლება დროთა განმავლობაში აღმოჩნდეს საშუალება, რომლის ძალითაც ეს უხერხულობა ამგვარად აღარ მოგვეჩვენოს, მაგრამ ამჟამად მთავარი საჭიროებაა რომ ქართველები, ჩვენ ომში მოგვეხმარონ.”... როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყვეს, საქართველოს დაპატრონება რუსეთისათვის მართლაც დროის საკითხი იყო. რუსეთი წინა აზიაში კასპიისა და შავ ზღვაზე გაბატონებას გეგმავდა , სადაც საქართველო მთავარი დასაყრდენი ძალა უნდა ყოფილიყო.; ქართლ-კახეთის კავშირს რომელიმე გავლენიან მეზობელთან თუ იგი ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციის ხელყოფას ითვალისწინებდა, ეს უკანასკნელი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა. მას ქართლის სამეფო სამთავროები დაშლილნი, დასუსტებულნი, მისი ხელის შემყურენი და არა ძლიერნი და დამოკიდებულნი აინტერესებდა და საწინააღმდეგო ვითარების შექმნას ვერ მოითმენდა. ამიტომ რუსეთის საიმპერატორო კარი შესაბამისი ანტი-ქართული (შენიღბული) ზომების განხორციელებას არ აყოვნებს: ცდილობს შეასუსტოს ერეკლეს სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი, რათა მან რეგიონში სხვა პოლიტიკურ კონკურენტებთან მიმართებაში გადამწყვეტ უპირატესობას არ მიაღწიოს. გარდა იმისა, რომ ხელი შეუშალა ერეკლეს მცდელობას იმერეთის სამეფოს შემოერთებაში, დაუყონებლად აჩვენა მას თავისი ძალა და განწყობილება: დიპლომატიურად ჩაუკეტა დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების გზები. ნება არ მისცა რუსეთის გენერალ მედემის კორპუსს ჩრდილოეთ კავკასიაში ერეკლეს ინტერესების სასარგებლოდ ემოქმედა, ორჯერ ჩაშალა ერეკლეს შორს გამიზნული ღონისძიება- ყაბარდოელთა საქართველოში გადმოსახლებას რომ ისახავდა მიზნად, აეკრძალა ქართველ პოლიტიკოსთა მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში ჯარების დაქირავება, რითაც არსებითი დარტყმა მიაყენა ქვეყნის სამხედრო პოტენციალს და სხვა.

ამრიგად, ძირითადად რუსეთის ძალისხმევით, კიდევ ერთხელ ჩაიშალა საქართველოს გაერთიანების და ამიერკავკასიაში გაბატონების ქართული პროექტი. სულ რაღაც ორიოდე წლის განმავლობაში ერეკლეს პოლიტიკამ არაერთი მნიშვნელოვანი დარტყმა და მოულოდნელი მარცხი განიცადა. 1781 წელს კი მოხდა ქართლ-კახეთის სამეფოს და საკუთრივ ერეკლეს დიდი პირადი ტრაგედია და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დანაკლისი: საეჭვო, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა მისი რჩეული ვაჟი და პირველი დასაყრდენი ქვეყნის “გამოხსნისა” და “აღდგომის” გზაზე, ბატონიშვილი ლევანი.

გეორგიევსკის ტრაქტატის არსი. ზედიზედ, რამდენიმე მარცხის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობა საგრძნობლად შეირყა. ერეკლესათვის აშკარა შეიქმნა , რომ მისი სამეფოს გართულებების ძირითადი მიზეზი რუსეთის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა იყო. თავის მხრივ, როდესაც ერეკლემ დაინახა, რომ იმპერიის ძალისხმევით, დასავლეთ საქართველოში გავლენა შეუმცირდა, ამის კომპენსაციის მიზნით ევროპასთან ურთიერთობის განახლება გადაწყვიტა და მათთვის პრობლემების მოსაგვარებლად დახმარება ეთხოვა, რაც რუსეთის წარმომადგენლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. რუსეთისათვის ცხადი შეიქმნა, რომ თუ აქტიურად არ იმოქმედებდა რეგიონში უმთავრესი დასაყრდენი, ქართლ-კახეთის სამეფოს სახით შეიძლება დაეკარგა. ამას იგი არაფრით არ დაუშვებდა ვინაიდან სამომავლოდ თურქეთთან მოსალოდნელ ომში ქართველთა ძალების გამოყენებაც ჰქონდა გათვალისწინებული... ასეთ ვითარებაში, საიმპერიო კარმა “დაივიწყა” ძველი წყენა ერეკლეს მიმართ და მასთან კვლავ ურთიერთობის დათბობა გადაწყვიტა.

1781 წელს, როდესაც პ. პოტიომკინს კავკასიის ხაზის ჯარების მთავარსარდლად ნიშნავდნენ, მას ერეკლესთან მიმართებაში ძირითად ამოცანად დაუსახეს: მას ყველა ღონე უნდა ეხმარა, რათა წაექეზებინა ერეკლე, ფორმალურად ეთხოვა რუსეთის თვითმპყრობელის მფარველობა. უფრო მეტიც, თვით გრიგოლ პოტიომკინის მონდომებით ერეკლეს გადმობირებასა და მფარველობის თაობაზე თხოვნის გასაგზავნად დაყოლიებაზე დიდად გარჯილა სომეხი არქიეპისკოპოსი, იოსებ არღუთინსკი. როგორც ირკვევა, რუსეთთან ამგვარი კავშირი ამჯერად ერეკლე მეორეს თავისი ქვეყნისათვის სასარგებლოდ არ ეჩვენებოდა; საიმპერატორო კარი კი, ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მის მისაღწევად პირდაპირ და შემოვლით გზებს ეძებდა...




ცნობილი ქართველი მეცნიერი– ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, აფასებს რა იმ ხანებში საქართველოში შექმნილ ვითარებას, აკეთებს შემდეგ დასკვნებს: “რუსეთის მთავრობამ სწრაფად და ენერგიულად სცადა შეცდომის გამოსწორება... მან ორმხრივი იერიში მიიტანა ერეკლეზე. თავადები, აშვებული ალექსანდრეები, ფათალი ხანი, ჩერქეზთა გადმოსახლების ხელშეშლა, იმიერკავკასიაში ჯარების დაქირავების შესაძლებლობის მოსპობა ერთის მხრივ, მეორე მხრით აგენტები მრავლად ამოქმედდა ერეკლეს კარზე (“ბროდიაგა” რეინეგსიც კი) უხვი დაპირებებით და ერეკლემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება” ქართლ-კახეთის მეფემ რუსეთის მფარველობაში შესვლა ითხოვა.

საყურადღებოა, რომ ზოგიერთი რუსი მკვლევარიც კი ერეკლეს ამგვარ გადაწყვეტილებას, საერთოდ ტახტის მაძიებლის ალექსანდრე ბატონიშვილის ფაქტორით, მისი ნეიტრალიზაციის სურვილით ხსნის. მაგ: ცნობილ რუს ისტორიკოსს პ. ბუტკოვს მიაჩნდა, რომ მეფე ერეკლემ შეიტყო რა, თუ რას უმზადებდნენ მას დარუბანდსა და დაღესტანში, თავისი შიში რუსეთის მმართველებს გაანდო, განუცხადა და თავისი სახლისათვის ქართლის მფარველობა რომ შეენარჩუნებინა, რუსეთის მფარველობისკენ გადაიხარა”.

ყველა დროის ქართულ ისტორიოგრაფიაში, საერთოდ ქართულ ცნობიერებაში, მცირე გამონაკლისის გარდა, გეორგიევსკის ტრაქტატი მიჩნეულია ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ ისეთ დოკუმენტად, რომელიც ძირითადად მისაღები და სასურველიც კი იყო ქართველებისთვის...

ამ დოკუმენტში, მართლაც ბევრი ქართველებისათვის მოსაწონი სიტყვა, ფრაზა, თუ დაიმედებაა, მაგრამ არცერთი მათგანი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ობიექტურ შედეგს, ცხოვრებაში არ განხორციელებულა. ამდენად, მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება არის უდიდესი ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის გზაზე, ამიტომ საბოლოო ჯამში, ქართველობისათვის მიუღებელი.

ტრაქტატის სრული ანალიზი სცილდება ჩვენი მიზნების სფეროს, თუმცა ნაწილობრივ მაინც უნდა აღინიშნოს ის ძირითადი შედეგები, რაც მან მოუტანა მის ხელის მომწერ მხარეებს: ისტორიოგრაფიაში მიჩნეული იყო, რომ ხელშეკრულების ინიციატორი თვით საქართველო იყო, რომელიც ვერ უმკლავდებოდა შემოსეულ მტრებს და რუსეთის გარეშე გადაშენება ემუქრებოდა. რეალურად ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ფაქტობრივად ტრაქტატი იყო ერეკლე მეფისათვის რუსული ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ხრიკებით თავსმოხვეული გადაწყვეტილება. ხელშეკრულების მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფო ფორმალურად რუსეთის მფარველობაში მყოფად ცხადდებოდა, თუმცა ფაქტობრივად ეს იყო ქვეშევრდომობა: ა) რუსეთის ხელისუფლების ნებართვის გარეშე ტახტის მემკვიდრე, ან სხვა პრეტენდენტი მეფობას ვერ მიიღებდა; ბ) მას ქვეყანა რუსეთის სურვილის შესაბამისად უნდა ემართა: თანამდებობაზე დანიშვნის დროს გაეთვალისწინებინა პრეტენდენტის რუსული ორიენტაცია. გ) ქართლ-კახეთის მეფეს მთლიანად აკრძალული ჰქონდა საგარეო საკითხების წარმოება. დ) ფაქტობრივად უქმდებოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია როცა (ქართული მხარის მოთხოვნა იყო, რომ ქვეყანაში კათალიკოსობა უცვლელად დარჩენილიყო, მაგრამ მას ყურადღება არავინ მიაქცია). რუსეთისავე შემოთავაზებულ პროექტში ქართველი მღვდელმთავარი რუსეთის სამღვდელოების იერარქიაში მეოთხე ადგილს იკავებდა, თუმცა უკვე დამტკიცებულ ვარიანტში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაემცრო და იგი მერვე ადგილზე აღმოჩნდა. ე) მართალია, რუსული მხარე კისრულობდა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები, მაგრამ ამ მხრივ მას არაფერი გაუკეთებია მანამ ვიდრე საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება და მისი სრული ანექსია არ მოახდინა.

XVIII საუკუნის 80-იან 90-იან წლების დასაწყისში ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრიობის გაუქმება და მისი ანექსია საიმპერატორო კარის დღის წესრიგში დადგა. თუმცა ერეკლეს სიცოცხლეში ეს ამოცანა რთული გადასაწყვეტი იყო. გარდა ამისა, ეკატერინე “ბრწყინვალე”-ს ხელისუფლება ევროპაში დემოკრატიული იმიჯის დამკვიდრებას ესწრაფვოდა და სურდა საქმე ისე მოეწყო, ქართულ მხარეს მეფობის გაუქმება და რუსეთის შემადგენლობაში შესვლა თვითონ ეთხოვა.

შემდგომ პერიოდში რუსეთის იმპერიის მმართველმა წრეებმა როგორც ცენტრში ისე მათმა წარმომადგენლებმა რეგიონში ყველაფერი იღონეს იმისათვის , რომ საქმე 1801 წლის 12 სექტემბრის იმპერატორ ალექსანდრე პირველის მანიფესტამდე მისულიყო, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ყველა მცხოვრებლისადმი. მასში ხაზგასმით აღნიშნული იყო, რომ “... მან შეისმინა მათი მდგომარეობის სირთულე და ის, რომ ერთადერთი იმედი მათთვის რუსეთი არის და ეს იმედი არ გაუმტყუნდებათ: “ ... არა ძალთა შემატებისათვის, არა ანგარებისათვის, არა ქვეყნიერებაზე ყველაზე დიდი იმპერიის საზღვრების გავრცელებისათვის, ვკისრულობთ ჩვენ საქართველოს მმართველობის ტვირთს. მხოლოდ ღირსება, მხოლოდ პატიოსნება და ადამიანობა გვაკისრებენ ჩვენს საღმრთო მოვალეობას, ყურად ვიღეთ რა ტანჯულთა მუდარა, მათი ნაღველის განსაქარწყლებლად დავაწესოთ საქართველოში ისეთი მმართველობა, რომელიც შეძლებს მართლმსაჯულების დამყარებას. უზრუნველყოფს პირად და ქონებრივ უშიშროებას და კანონი ყველას დაიცავს.

რუსეთის იმპერატორი გულწრფელი ნამდვილად არ ყოფილა, ვინაიდან საქართველოთი დაინტერესებაში მთავარი მნიშვნელობა რუსეთის იმპერიისათვის მატერიალურ კი არა სტრატეგიულ მხარეს ეჭირა, მაგრამ როცა ამ ტექსტს წერდა (თუ უწერდნენ), მას ხელთ ჰქონდა საქართველოში მადნების შესწავლისათვის მოვლინებული მუსინ პუშკინის პატაკი, იმპერატორ პავლე პირველისადმი, სადაც იგი ამ ქვეყნის შეერთების უდიდეს ეკონომიკურ სიკეთეს და მნიშვნელობას ასაბუთებდა.

1802 წლის 12 აპრილს ალექსანდრეს მანიფესტი თბილისში, რუსული ჯარებით გარშემორტყმულ, სიონის ტაძარში იქნა წაკითხული. ხალხით გაჭედილ დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა (იგონებდნენ შემდგომში), ზოგმა ხმალზეც კი შეივლო ხელი, მაგრამ ცხადია წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. საბოლოოდ მანიფესტის წაკითხვას ტაძარში მყოფი ბატონიშვილების, კათალიკოსის და დიდებულების დაფიცება მოჰყვა.

მეორე დღეს იგივე მანიფესტი, სომხურ ტაძარში ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებს წაუკითხეს. როგორც მოსალოდნელი იყო, აქტის გაცნობის პროცედურა აღფრთოვანებულ შეძახილებში და ტაშის გრიალში ჩატარდა.

ასე დასრულდა საქართველოს ინკორპორაცია რუსეთის მიერ, რომელმაც მისი ფაქტობრივი ანექსია გაცილებით ადრე განახორციელა. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. ფაქტი ის იყო, რომ საქართველოს მიმართ, რუსეთმა თავისი მიზნები იმ ნიღბით აღასრულა რაც მას საერთოდ სჩვეოდა: “ყოველგვარ დაპყრობას ტერიტორიისა, ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ ჩაგვრას, ცარიზმი ახორციელებდა მხოლოდ განათლების, ლიბერალიზმის, ხალხთა განთავისუფლების ნიღაბით,,.

საქართველოში რუსეთის ბატონობის პირველივე წლებში. გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ, რუსებმა ქართლ-კახეთის გამგებლობა მეფის მემკვიდრეს დავით ბატონიშვილს მიანდეს, თუმცა მას დაუმალეს, რომ მისი გამეფების საკითხი დღის წესრიგიდან სამუდამოდ იყო მოხსნილი...

1801 წელს საქართველოში ჩამოსულმა გენერალმა კნორინგმა ბატონიშვილი პოსტიდან გადააყენა და საქართველოში დროებითი მმართველობა დაარსა, რომლის თავმჯდომარედ გენერალი ლაზარევი დანიშნა, წევრებად კი რამდენიმე ქართველი თავადი და ერთი სომეხი, თბილისის ყოფილი მამასახლისი, შეიყვანა. კოლეგიის კომპეტენციაში ყველა ამ საქმის გაძღოლა შედიოდა, რასაც უწინ მეფე წყვეტდა, გარდა სისხლის სამართლის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეებისა, რომელიც კნორინგს ეგზავნებოდა.

რუსეთი საქართველოში შემოვიდა როგორც კოლონიზატორი, მას შესაბამისი მიზნები და ამოცანები ჰქონდა, რაც ქვეყნისათვის უმძიმესი ასატანი იყო. ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ რუსეთს საქართველოში შემოჰყვა ათასობით და ათიათასობით ხელმოცარული, უზნეო და გაუნათლებელ პიროვნებათა მასა, რომელთაც არც თავიანთი სამშობლოს ბედი აწუხებდათ და მით უმეტეს, არც დაპყრობილი საქართველოსი. მათი ერთადერთი მიზანი საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის, კარიერის და ამბიციების დაკმაყოფილება იყო. რუსული კოლონიზაცია სამხედრო დასახლებების შექმნით დაიწყო.

გადაწყვეტილ იქნა მოეწყოთ დემობილიზებულ რუს ჯარისკაცთა კოლონიები, რომლებიც შედგებოდა სამსახურიდან გადამდგარი დაოჯახებული ჯარისკაცებისაგან. 15 წლიანი სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, რუს ჯარისკაცებს ეძლეოდათ დაოჯახებისა და საქართველოში საცხოვრებლად სამუდამოდ დარჩენის უფლება. შემდგომში ეს დასახლებები სოფლებად გადაიქცა.

სამხედრო კოლონიზაციის გარდა, რუსი მოსახლეობის საქართველოში დაფუძნების თავადაზნაურული და საეკლესიო-სამონასტრო კოლონიზაციაც უწყობდა ხელს. ამ გზით რუსების ხელში აღმოჩნდა საუკეთესო ქართული მიწები. მაგალითად “დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი” ვლანგალი სამცხე-ჯავახეთის 21 სოფლის მფლობელი გახდა და მესხეთის დიდ ფეოდალად გადაიქცა. XIX საუკუნის მიწურულს , შავი ზღვის კოლონიზაციის და მსხვილ მიწათმფლობელთა სოციალური ფენების შექმნის მიზნით დაარსდა ზღვის სანაპირო მიწების ლატარიაში გათამაშების განსაკუთრებული კომიტეტი, რომელმაც გაავრცელა ლატარიის ბილეთები რუსეთის ქალაქების აზნაურთა, მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენელთა, სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს შორის. ამ ლატარიის საფუძველზე მიწებს იგებდნენ, ყიდნენ და, საბოლოოდ, ქართული მიწები რუსების საკუთრებაში აღმოჩნდა. აფხაზეთში საიმპერატორო ოჯახის წევრებს მისცეს 1 754 დესეტინა მიწის ფართობი.

საეკლესიო კოლონიზაციის შედეგად, რუს ბერებს გადაეცათ მონასტრები და მათ გარშემო მამულები, სადაც რუსული დასახლებები ჩნდებოდა.

XIX საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოში რუსული მოსახლეობის რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქრისტიანული ეკლესიისაგან დევნილი სექტანტები- დუხობორები, სკოპცები, მოლოკნები და სხვ. რუსული ქრისტიანული სექტები XVIII საუკუნის შუა ხანებში წარმოიქმნა. ისინი უპირისპირდებოდნენ ოფიციალურ ეკლესიას, რის გამოც მათ ეკლესია და სახელმწიფო სდევნიდა და იმპერიის უკიდურეს პროვინციებში ასახლებდა.

მას შემდეგ რაც ერეკლე მეორის ოჯახის წევრები სამშობლოდან იძულებით გაასახლეს (1803წ. 25 ოქტომბერი), რუსეთს უკვე ხელს არაფერი აღარ უშლიდა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიული ერთეულების შემოსაერთებლად.

ცნობილია, რომ რუსეთი ყოველთვის ერიდებოდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას სამხედრო მოქმედებებით, დაპყრობებით ე.ი ძალით შემუშავებული მეთოდით. იგი თანდათანობით, წლების განმავლობაში, უახლოვდებოდა მიზანში ამოღებულ რეგიონს. სხვადასხვა დაპირებებით, დაიმედებებით, ასე ახვევდა თავს მოჩვენებით მფარველობას, რომელიც თანდათან ქვეშევრდომობაში გადაჰყავდა. მას მოყვებოდა ზომები ქვეშევრდომი ქვეყნის გეგმაზომიერ დასუსტებას რომ ისახავდა მიზნად, რასაც იგი მოქნილად და ტექნიკურად ატარებდა, რომ საბოლოოდ ძალგამოცლილი და სიკვდილის პირას მისული ქვეშევრდომები თავის გადასარჩენად იძულებული გაეხადა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ეთხოვათ. ასეთი გეგმის განხორციელებას აპირებდა რუსეთი ქართლ-კახეთის მიმართაც, მაგრამ ბოლომდე ჩანაფიქრი არ გამოუვიდა და ანექსიის, დაპყობის ელფერი მაინც ვერ გააქრო. ფაქტი ის გახდა, რომ XIX ს. 30-იანი წლების დასაწყისში, რუსეთი საქართველოს საბოლოოდ დაეუფლა და თავისი კოლონიური პოლიტიკის კიდევ უფრო დახვეწას შეუდგა.

გამოუვალ პოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსათვის რუსეთზე აღებული კურსი მნიშვნელოვანწილად კონფესიური მომენტით განისაზღვრებოდა. “ერთმორწმუნეობა”_ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც XVIII ს-ის ბოლოს განაპირობა ისლამურ სამყაროსთან მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში საქართველოს ისტორიული არჩევანი: მისი პოლიტიკური ორიენტაცია რუსეთისაკენ, თუმცა კავკასიის რეგიონში გაბატონებისათვის რუსეთმა შესანიშნავად ისარგებლა ქართველ მეფეთა პრორუსული ორიენტაციით. დიდი ივანე ჯავახიშვილის შეფასებით, “...სარწმუნოებრივ მოტივს რუსეთის ხელისუფალნი და დიპლომატიური სამსახურები ძირითადად თავისი სამხედრო- პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ იყენებდნენ, მისი მფარველობის მოიმედე საქართველო კი ჯამში ყოველთვის წაგებული რჩებოდა.”

1783 წელს დადებული ე.წ. “გეორგიევსკის ტრაქტატი”-ს VIII არტიკულით განსაზღვრული რუსეთ-საქართველოს საეკლესიო ურთიერთობების პირობებში საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის უწმინდესი სინოდის წევრად გამოცხადდა და მას რუსულ სასულიერო იერარქიაში მე-8 ადგილი მიენიჭა. საგანგებო ვითარებაში უნდა შედგენილიყო დამატებითი მუხლი, რომელიც დაარეგულირებდა საქართველოს ეკლესიის მმართველობის ფორმებს და რუსეთთან საეკლესიო ურთიერთობებს. ასეთი არტიკული რეალურად არ შემდგარა, საქართველოს ეკლესიის წეს-განგება უცვლელი დარჩა. რაც განსაკუთრებით არის აღსანიშნავი, საერო ხელისუფლება კათალიკოს-პატრიარქის ტიტულს სინოდის წევრებთან ათანაბრებდა და ავტოკეფალური ეკლესიისათვის მართვის პრინციპების დადგენას ცდილობდა, რაც საეკლესიო სამართლის ნორმების მოთხოვნების იგნორირებით კეთდებოდა. ყოველივე ეს აშკარად მიუთითებდა რუსეთის უწმინდესი სინოდის დაუოკებელ სურვილზე-საქართველოს ეკლესია ნელ-ნელა თავისი გავლენის ქვეშ მოექცია, დაემცირებინა მისი იერარქიული სტატუსი და თვითშეგნება...

1910 წლის 3 ნოემბერს ალექსანდრე I-ის ნება-სურვილის შესაბამისად საქართველოს პატრიარქი ანტონ II რუსეთში გაიწვიეს. პეტერბურგში ჩასულ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისადმი მიმართული ალექსანდრე I-ის რესკრიპტი პირდაპირ მიუთითებდა რუსეთის ხელისუფლების მიზნების შესახებ: “ საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შეერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უთუოდ უწმინდესისა და უმართებულესის სინოდის გამგეობას უნდა დაქვემდებარებოდა. ახალ მართვა-გამგეობასთან შეუთავსებელი იქნებაო საქართველოში პატრიარქის ყოფნა. იმპერატორი ანტონ II ეკლესიის მეთაურობაზე უარის სანაცვლოდ უწმინდესი სინოდის წევრობისა და ყველა სასულიერო უპირატესობის შენარჩუნებას დაპირდა.

კათოლიკოს-პატრიარქის პროტესტის მიუხედავად, სახელმწიფო განჩინებით, ის საქართველოს ეკლესიას ჩამოაშორეს და რუსეთში დატოვეს... საქართველოს ეკლესიის კულტურული მემკვიდრეობის ძარცვა, ადგილობრივი წეს-ჩვეულებების აბუჩად აგდება, ეროვნული ფასეულობებისა და ეკლესია-მონასტრების კუთვნილი ქონების თვითნებური განკარგვა ეგზარქოსების პოლიტიკის ნაწილი გახდა. ხშირ შემთხვევაში ამ საგანძურის დატაცება მათი შემოსავლის არაოფიციალურ წყაროდ იქცა. გაუქმებული ეკლესია-მონასტრებში მიტოვებული ძვირფასეულობის ძარცვის საქმეში რუს სასულიერო პირებთან ერთად ქართველი რენეგატი სამღვდელოებაც იყო ჩართული.

კავკასიის დაპყრობა იყო ნაწილი რუსეთის კოლონიალური პოლიტიკისა და ამ პოლიტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა საშუალებები სამხედრო ძალით დაწყებული დიპლომატიური ტყუილით დამთავრებული. აგრეთვე: მოსყიდვა, “ანდერძი”, “მიწების ჩუქება” და ა.შ. რასთანაც უბრალო ხალხს არავითარი კავშირი არა ჰქონია. ანექსიის გეგმებში გათვალისწინებულ სახელმწიფოთა, დაქუცმაცება, მათი დაყოფა კლანურ, რელიგიურ, დინასტიურ და სხვა საფუძვლებზე, ქრისტიანებად და მუსულმანებად, მათ შორის შუღლისა და გესლის დათესვითა და დაპირისპირებებით რუსეთის ხელისუფლება უფრო და უფორ წინ მიიწევდა და ფეხს იკიდებდა ამიერკავკასიაში. ახდენდა რა მიწების ანექსიას ნაწილ- ნაწილ, იმონებდა იქ დასახლებულ ხალხებს ზემოთ მითითებული მეთოდების ვარირებითა და გამოყენებით არსებული ვითარების შესაბამისად. რუსეთმა შეძლო მიიერთებინა საქართველო (როგორც აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ კავკასია) არა ერთბაშად, არამედ ჯერ სათანადო ნიადაგის მომზადებით. 1783 წელს (რეალურად_1801 წელს), გეორგიევსკის ტრაქტატით, ქართლ-კახეთის სამეფო, 1803 წელს-სამეგრელოს სამთავრო; 1804 წელს-იმერეთის სამეფო და გურიის სამთავრო, 1810 წელს-აფხაზეთის სამთავრო, და მხოლოდ 1878 წელს რუსეთის შემადგენლობაში შევიდა თურქეთისაგან გამოხსნილი აჭარის (ბათუმის ოლქი). რის შემდეგაც ყარსიდან ბათუმამდე დასახლებული მიწებიდან დაიწყო მუსულმანთა გასახლება...ტრაგედია ყველა იმპერიისადმი მიერთებული “ხალხების” ოდნავ თუ განსხვავდებოდა ერთი მეორისაგან.

ამიერკავკასიაში რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმის მიზნები როგორც კოლონიის მიმართ, “არაცივილიზირებული აზიელებისა”, განსაზღვრული იყო რუსეთის სახელმწიფო საბჭოს 1833 წლის დადგენილებაში. კერძოდ, დაპყრობილმა რეგიონებმა “რუსეთთან ერთად უნდა შეადგინონ ერთობლივი სხეული” (ადგილობრივი ხალხები უნდა საუბრობდნენ რუსულად, რუსულად უნდა გრძნობდნენ და ფიქრობდნენ.”

1860 წ. 9 ივნისს შეიქმნა “კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება”, რომელიც მოწოდებული იყო ამ მხარეში მაჰმადიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ მიზნით მის ფარგლებში იყო გათვალისწინებული მისიონერული მუშაობა. საზოგადოების დროშით, რუსი მისონერების მეშვეობით კავკასიაში მთიელთა აშკარა რუსიფიკაცია წარიმართა. საზოგადოებამ თავისი მუშაობა აფხაზეთშიც გაშალა. ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ (1862-1869წ.წ) შეძლო მართლმადიდებლობის პოზიციების შენარჩუნება და განმტკიცება აფხაზეთში. მისი მეცადინეობითა და ბიჭვინთის ოკრუგის უფროსის დ. ჭავჭავაძის ძალისხმევით 1867წ. მოხერხდა სამი ათასამდე აფხაზის მონათვლა. ეპისკოპოსი ალექსანდრე საკუთარი სახსრებით ზრდიდა და სასულიერო განათლებას აძლევდა აფხაზ ყმაწვილებს.

1867წ. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა ვ. გეიმანმა მეფის ნაცვალს ვრცელი მოხსენება წარუდგინა “ აფხაზეთში ქრისტიანობის შესახებ”, სადაც აღნიშნავდა, რომ მოსახლეობის მცირე რიცხოვნობის გამო იგი აფხაზეთის ეპარქიის გაუქმებისა და მისი იმერეთის ეპისკოპოსისადმი დაქვემდებარების საკითხს აყენებდა. აფხაზთა 1866წ. აჯანყებისა და 1867წ. მუჰაჯირობის შემდეგ ვ. გეიმანმა ჩათვალა რომ ხელსაყრელი დრო დადგა აფხაზეთის დანარჩენი მოსახლეობის გარუსებისათვის. ამასთან მას ქართული სამღვდელოების ჩამოშორება და მათი რუსი სამღვდელოებით შეცვლა სურდა. 1869 წ. 30 მაისს აფხაზეთის ეპარქია იმერეთის ეპარქიას შეუერთდა. იმერეთის ეპისკოპოსი და აფხაზეთის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) დიდ მისიონერულ მუშაობას ეწეოდა აფხაზეთში. 1868-1877წ.წ. მისი ძალისხმევით 19 ათასამდე აფხაზი მოინათლა. აფხაზეთის დაჩქარებული ასიმილაციის იმპერიული გეგმა ვერ განხორციელდა, რაშიც უზარმაზარი წვლილი გაბრიელ ეპისკოპოს მიუძღვის.

1864 წელს რუსეთი აკონტროლებდა უკვე მთელ კავკასიას. შამილის დამარცხების შემდეგ, რუსეთი მთელი ძალითა და სიმკაცრით თავს დაატყდა ჩერქეზებს. ანადგურებდა რა ფიზიკურად ჩერქეზებს, ასახლებდა მათ მშობლიური ადგილებიდან, მათ ნაყოფიერ მიწებზე და მთელ შავიზღვისპირეთს ასახლებდა-ქრისტიანი კოლონისტებით. 1860-1870წ.წ ცოცხლად გადარჩენილი ჩერქეზების 300 000-დე სული გადასახლდა ოსმანეთის იმპერიაში: 1897 წლისათვის რუსეთის იმპერიაში დარჩა 44.746 ჩერქეზი... მათი მონათესავე (ენით) აფხაზებმა და სხვა ხალხებმა მიბაძეს მათ რაც განხორციელდა რამოდენიმე ეტაპად. ეს იყო უმძიმესი ტრაგედია ამ ხალხების ისტორიაში (XIX ს... XXს).ამ ძალადობრივ სოციალურ და ნაციონალურ აქციებს თვითმპყრობლობისა, სათანადოდ პასუხობდა ქართველი და აფხაზი ხალხი. აჯანყებებით, გლეხთა გამოსვლებით, პოლიტიკური “უწესრიგობებით” (გურიის გლეხთა აჯანყება 1841წ. , სამეგრელოს აჯანყება 1857წ. , აფხაზური, ანუ ლიხნის აჯანყება 1866წ. , რომლებიც სასტიკად იქნა ჩახშობილი რუსის ჯარების მიერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის სვიატოსლავ- მირსკის უშუალო ხელმძღვანელობით.

1877-1878წ.წ აფხაზთა მასიურმა გამოსვლებმა თურქეთის მხარეს რუსეთის საწინააღმდეგოდ რუსეთ-თურქეთის ომში, გამოიწვიეს ახალი ძალადობრივი მკაცრი რეპრესიები: აფხაზი ხალხი მთლიანად ოფიციალურად იქნა გამოცხადებული “დამნაშავედ”. და მხოლოდ (1907წელს ნიკოლოზ II-მ აფხაზეთის თავად გიორგი შერვაშიძის თხოვნითა და მარია თეოდორეს ასულის შუამდგომლობით, აფხაზებს დამნაშავე ხალხის ბრალდება ოფიციალურად მოუხსნა.)

რუსეთის მეფის 1880 წლის 31 მაისის განჩინებით ათასობით აფხაზი იქნა გადასახლებული რუსეთის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ გუბერნიებში: მოჰაჯირთა ტალღამ მარტო აფხაზებში 50 ათასს მიაღწია. თითქმის მთლიანად დაცარიელდა ცენტრალური აფხაზეთი მდინარე კოდორიდან მდინარე ფსირცხამდე და ოდესღაც აფხაზებით დასახლებული მიწები თანამედროვე ადლერის, გაგრის, სოხუმის, გულრიფშის რაიონებში. როგორც ამ მოვლენების მომსწრენი აღნიშნავდნენ “იყო განკარგულება, რომ იმ ადგილებში, მდ. კოდორსა და მდ. ფსირცხას შორის, აფხაზები არ უნდა დასახლებულიყვნენ. თუ რისთვის იყო ეს მიწები გათვალისწინებული ნათლად მოწმობს “სოხუმის ოლქის კოლონიზაციის სამახსოვრო “, შედგენილი მისი უფროსის პოლკოვნიკ ბრაკკერის მიერ 1895 წელს, რომელშიც აღნიშნული იყო: სასურველია,რაც შეიძლება დიდი ფონდი ცარიელი მიწებისა დარჩეს მკვიდრი რუსი ხალხის განსახლებისათვის.” უფრო ადრე კი თვით ალექსანდრე II მოიწონა კავკასიის მთავარმართებლის მიხეილ რომანოვის გეგმა მდინარე ყუბანის შესართავიდან მდ. ინგურამდე კაზაკთა სტანიცების ჩასახლების შესახებ.

თავის ნაშრომებში, პუბლიცისტურ წერილებში და საჯარო გამოსვლებში ბ.ნი თამაზ ნადარეიშვილი ეხებოდა რა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ხაზგასმით აღნიშნავდა: “ ... მას შემდეგ, რაც რუსეთი კავკასიით დაინტერესდა, მუდმივ ცდილობდა საქართველო მისი ერთ-ერთი კოლონია ყოფილიყო; რუს მმართველთა შოვინისტური პოლიტიკისათვის მიუღებელი იყო, რომ კავკასიაში დაეშვა ისეთი სახელმწიფოს არსებობა, რომელთანაც იძულებული გახდებოდა მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობა ჰქონოდა... ამას მოწმობს კავკასიასა და კერძოდ, საქართველოში მოღვაწე მეფის რუსეთის მოხელეთა მასალებში შემორჩენილი უამრავი მიმოწერა.”

ძალზე საინტერესოა ამ მხრივ რუსეთის სამხედრო ატაშეს ვ. სიტინის პატაკი, გაგზავნილი 1922 წელს ქ. მოსკოვში თავისი ხელმძღვანელობისათვის. “მთავარ მიმართულებად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესასუსტებლად მიმაჩნია აფხაზეთის საბოლოო ჩამოშორება საქართველოსაგან, რუსეთის საზღვრის გადაწევა საქართველოს სიღრმეში, რაც, ამავე დროს, მოგვცემს საშუალებას დავეპატრონოთ ამ ქვეყნის ბუნებრივ რესურსებს.

აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოშორების შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ სამეგრელოს, რომელიც თავისი ენით განსხვავდება ქართველებისაგან. სამეგრელოს ტერიტორია დიდია და სტრატეგიული თვალსაზრისით კარგი იქნებოდა მისი დამორჩილება რუსეთისადმი. თუ სამეგრელოს, ისევე როგორც აფხაზეთს და აჭარას, მიეცემა ავტონომია, ეს მომავალში საქართველოს დაშლის დასაწყისი იქნება” .

საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, რუსეთის იმპერიული ძალები მისი აღდგენის იმედს დღემდე არ კარგავენ და ამის განხორციელებისათვის არაფერს არ იშურვებენ.

1992 წ, აფხაზეთში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების პირველივე დღეებში მისმა ზოგიერთმა ინსპირატორმა შემდეგი განცხადებები გააკეთეს: “... დადგა ჟამი, როდესაც დიდი რუსეთი უნდა აღდგეს, რათა თავის წიაღში მიიღოს მამაცი აფხაზი ხალხი.” (ვლ. კოჟინოვი). “ ორმოცი წელია საქართველო ჩაგრავს აფხაზეთს! “ (გ. ტრაპეზნიკოვი) და სხვა.

რუსეთმა კონფლიქტების ხელოვნური ინსპირირებით საქართველოს რეგიონებში (აფხაზეთის ა.რ. , სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) მნიშვნელოვნად შეაფერხა საქართველოს დამოუკიდებელი განვითარება, სუვერენული სახელმწიფოს აღმშენებლობა, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება.

ბატონ ლორდ რობერტსონის– ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის აზრით: “ ... რუსეთს დიდი ხნის განმავლობაში არაფერი ეშველება იმპერიული ცნობიერების გამო, რომელიც დღესაც კი წინა პლანზე აყენებს არა სულიერ სიმდიდრეს, მატერიალურ კეთილდღეობას, არამედ მაინცდამაინც სამხედრო ძლიერებას და მიწების მიერთების დაუცხრომელ მადას, თანაც იმდენი მიწისა, რისი მოვლაც არ შეუძლია.”

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, ძნელია არ დაეთანხმო ზემოთ მოყვანილი ციტატის ავტორს.


გამოყენებული ლიტერატურა:

1. ჯემალ გამახარია, თამაზ ბერაძე, თეიმურაზ გვანცელაძე და სხვები- აფხაზეთი (ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან) გამომცემლობა ინტელექტი, თბილისი 2007
2. .ოთარ ჯანელიძე, ალექსანდრე ბენდიანიშვილი, ალექსანდრე დაუშვილი,
მიხეილ სამსონაძე, ხათუნა ქოქრაშვილი, დოდო ჭუმბურიძე,
რუსული კოლონიალიზმი საქართველოში-გამომცემლობა “უნივერსალი” თბილისი 2008წ;
3. თამაზ ნადარეიშვილი “შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, თბილისი-2000წ;
4. С.М. Червонная. Абхазия-1992: Посткоммунистическая грузинская вандея; Москва, Мосгорпечать, 1993